ეკონომიკური დანაშაულების სამართლის სპეციალიზებული კურსი ხორციელდება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს. კურსის დასრულების შემდგომ მსურველი მონაწილეებისთვის დაიგეგმება სასწავლო ვიზიტი გერმანიაში.
კურსის მიზანი
კურსის მიზანია ეკონომიკური დანაშაულების სამართლის სფეროში ადვოკატებისთვის/იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი და გერმანელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები:
- ბერნდ შუნემანი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტი;
- ბაჩანა ჯიშკარიანი, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
- ირაკლი ქსოვრელი, ადვოკატი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
კურსის ფორმატი და სწავლების მეთოდი
კურსით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ კურსი გაიარონ დისტანციურად. კურსის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები. კურსის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.
კურსის სამიზნე აუდიტორია
სპეციალიზებული კურსი განკუთვნილია ეკონომიკური დანაშაულების სამართლის დარგით დაინტერესებული ადვოკატებისათვის/იურისტებისათვის. არანაკლებ 1-წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადვოკატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს და მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს და შეეძლებათ შესაბამის დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართონ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სპეციალიზებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსდება სპეციალურ რეესტრში და ასოციაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. დეტალური ინფორმაცია სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეჩერება-შეწყვეტის წესი, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით.
კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი
სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაცია 2025 წლის 03 ნოემბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 43 საათს, კვირაში 6-7 საათიანი დატვირთვით. კურსის დეტალური პროგრამა და განრიგი იხილეთ ბმულზე. კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- ეკონომიკური დანაშაულების ცნება ქართულ სისხლის სამართალში. ცალკეული დანაშაულების მიმოხილვა. შედარება ევროპულ და გერმანულ სისხლის სამართალთან. ქურდობა და მისი ელემენტები;
- ქურდობასთან, ძარცვასთან და ყაჩაღობასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი;
- თაღლითობასა და მოტყუებით ქონებრივ დაზიანებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი;
- გამოძალვა,მითვისება, გაფლანგვა - მათთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი;
- წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება, ნივთის დაზიანება ან განადგურება - მათთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები. დოგმატიკასა და პრაქტიკაში არსებული შეხედულებების ანალიზი;
- საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი ასპექტები;
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება - ქართული სასამართლო პრაქტიკა. კონსტიტუციურსამართლებრივი ასპექტები მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით;
- ნორმის განსაზღვრულობის საკითხი ცალკეული ეკონომიკური დანაშაულების მაგალითზე. დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა, კომერციული მოსყიდვა;
- პირის არასათანადო დევნისგან დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმები სისხლის სამართლის პროცესში, ეკონომიკური დანაშაულების მაგალითზე;
- ეკონომიკური დანაშაულების ცნება გერმანულ სისხლის სამართალში, ცალკეული დანაშაულების ანალიზი;
- ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გერმანულ სისხლის სამართალში. მატერიალური და საპროცესო სტანდარტები;
- ფალსიფიკაცია, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია - მათთან დაკავშირებული კვალიფიკაციის საკითხები.
სერთიფიკატის მინიჭების წესი
კურსის მონაწილეებს Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიენიჭებათ კურსის შემაჯამებელი ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
რეგისტრაციამდე გთხოვთ, გაეცნოთ ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის კურსის დებულებას, კურსის პროგრამას და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ გერმანულ-ქართულ ინსტიტუტს: ელ.ფოსტა - gelashvilimariami3101@gmail.com, ტელეფონი: +995 593 50 18 36. სარეგისტრაციო ფორმა და დეტალები იხილეთ ბმულზე.




